ნებისმიერ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვედრია ადამიანი, რომელიც თითქოსდა იზიდავს უსიამოვნებას - ადამიანი მსხვერპლის სინდრომით. დაბადების დღის წინ შეიძლება მოიტეხოს ფეხი, კრიზისის დროს დაკარგოს ყველაფერი, ახალი ძვირფასი კაბა პირველ დღესვე გახიოს, მზიან ამინდში „პოულობს ტალახს“ და ისვრება, ყველაფერი უვარდება ხელიდან, ის, რაც არ გაუკეთებია, მას ბრალდება და ასე უსასრულოდ...
სკოლაში ასეთი ადამიანები კარგად სწავლობდნენ, თუმცა ვერ იქაც ვერ იღებდნენ კარგ შეფასებას. კლასელები ხშირად იწერდნენ მათგან დავალებებს და თითქოს მეგობრობდნენ მათთან, მაგრამ როგორც კი გაიგებდნენ მათ საიდუმლოს, არ ინდობდნენ და მთელს კლასს უმხელდნენ.
ასეთი ადამიანები, უფრო ხშირად ქალბატონები, არიან შრომისმოყვარენი, მომხიბვლელები, აქვთ კარგი ხასიათი, მაგრამ ცხოვრებაში საშინლად არ უმართლებთ, მეგობრები ღალატობენ, საყვარელი ადამიანები იყენებენ და ცუდად ექცევიან, კოლეგები პატივს არ სცემენ, უფროსები არ აფასებენ, რუტინულ და მძიმე საქმეს ავალებენ.
თავიდან ყველას ეცოდება და ცდილობენ ასე თუ ისე დაეხმარონ მას, თუმცა ხშირად ამას უკუეფექტი ახლავს. შემდეგ კი ახლობლებს ბეზრდებათ მაშველის როლი და თავს ანებებენ.
შესაძლებელია თუ არა ასეთი ადამიანის დახმარება?
პირველ რიგში, ნუ გეცოდებათ „მსხვერპლი“. დაფიქრდით, ბოლო პერიოდში (რამდენიმე თვე, ერთი წელი) რამდენჯერ მოუვიდა უსიამოვნება და რამდენჯერ შეეცადა თავი აერიდებინა ამ სიტუაციისთვის. მოუსმინეთ მას, მაგრამ მხარს ნუ უჭერთ, დაუსვით ისეთი კითხვები, რომელზეც პასუხი ცოტა ხნით მაინც ააღებინებს პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე:
-რას ფიქრობ ამაზე? როგორ გგონია? რატომ მეორდება ეს სიტუაცია? რას მოიმოქმედებ? რისი გაკეთება შეგიძლია ამის ასარიდებლად?
ნუ ცდილობთ გადაჭრათ მისი პრობლემები, დაეხმარეთ იმ გზების აღმოჩენაში, რომლითაც თავად მოაგვარებს მათ. ნუ უჭერთ მხარს, როდესაც სხვებს ან სამყაროს ადანაშაულებს საკუთარ უსიამოვნებებში. დააყენეთ ფაქტის წინაშე: არავინ დაეხმარება მას, თუ თვითონ არ მოიმოქმედებს რამეს.
თუ ეს ხერხები არ შველის, გულახდილად დაელაპარაკეთ, აუხსენით, როგორ ჩანს ეს სიტუაცია გვერდიდან. ელაპარაკეთ მშვიდად, მაგრამ მტკიცედ, ნუ ადანაშაულებთ, უბრალოდ ჩამოუთვალეთ ფაქტები. თუ ამის შემდეგ გადაწყვეტს პასუხისმგებლობის აღებას, დაუჭირეთ მხარი და დაეხმარეთ, რომ ამ გზიდან არ გადაუხვიოს, რადგან მდგომარეობა, როდესაც „მე ვერაფერს ვწყვეტ და ვერაფერს ვცვლი“ ბევრად უფრო კომფორტულია, იმიტომ, რომ არ გულისხმობს დაძაბვასა და ძალისხმევას.
თუ ამჩნევთ ამ სიმპტომებს თქვენში - ხშირად წუწუნებთ მეგობრებთან, ვერ ხედავთ პოზიტივს, ხშირად ხვდებით უსიამოვნო სიტუაციებში, ახლობლებთან ურთიერთობა გართულდა, დააკვირდით, მიზეზი თქვენში ხომ არ იმალება. ნუ სთხოვთ სხვებს გააკეთონ თქვენი გასაკეთებელი, ნუ გეშინიათ შეცდომების, აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ნუ ფიქრობთ ნეგატიურ სიტუაციაზე, ამით მხოლოდ ნეგატივს იზიდავთ, შეინარჩუნეთ ნეიტრალიტეტი და შეეცადეთ გააკეთოთ თქვენი მაქსიმუმი სასურველი შედეგისთვის.
რაც უფრო გეცოდებათ თქვენი თავი, მით უფრო სუსტი ხდებით. თქვენ ბევრად მეტი შეგიძლიათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. უბრალოდ, დაიწყეთ კეთება. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ყველა წარმატებას, უმნიშვნელოსაც კი. შეამჩნიეთ ყველა ფაქტი, როდესაც დაამარცხეთ სისუსტე და ვერც კი მიხვდით, თუ როგორ გადახვედით მსხვერპლის პოზიციიდან გამარჯვებულის პოზიციაში. გახსოვდეთ, თქვენი სისუსტის დამარცხება შესაძლებელია, თანდათან ყოველდღიურად იმუშავეთ საკუთარ თავზე და გახსოვდეთ, თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ!