ძველად იყო ასეთი გამონათქვამი: „ჩემი ნაოჭები ჩემი სიმდიდრეა“, ალბათ გაგახსენდებათ ბუბა კიკაბიძის სიმღერა (Мои года – мое богатство), მაგრამ თანამედროვე საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების თანახმად, დაბერება აღიქმება როგორც საინტერესო, მხიარული მოვლენებით გაჯერებული ცხოვრების დასასრული. დაბერება აღიქმება როგორც ტრაგედია.
განვიხილოთ რამოდენიმე ფსიქოლოგიური მიზეზი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.
სოციალური როლი: ყველა ადამიანი ცხოვრების მანძილზე უამრავ როლს ასრულებს: შვილის, მოსწავლის, მეუღლის, თანამშრომლის, მშობლის... 40-45 წლის ასაკში ადამიანის ცხოვრებაში გარდატეხის პერიოდი დგება. ეს პერიოდი ცნობილია საშუალო ასაკის კრიზის სახელწოდებით. ამ დროს ორგანიზმში ბიოლოგიურ ცვლილებებთან ერთად სოციალურ როლებშიც ცვლილებები აღინიშნება. შვილები აღარ საჭიროებენ დიდი დოზით მზრუნველობას, ოჯახდებიან, გადადიან ცალკე საცხოვრებლად და ა.შ. რამდენად უადვილდებათ მშობლებს ჩვეული როლის დათმობა და გამოთავისუფლებული დროის სასარგებლოდ გამოყენება?
ადამიანის ასაკი 3 ჭრილში შეიძლება განვიხილოთ:
ქრონოლოგიური ასაკი - დაბადების დღიდან ყოველწლიურად მატულობს. ეს არის საპასპორტო ასაკი.
ბიოლოგიური ასაკი -დამოკიდებულია ორგანიზმის მდგომარეობაზე და ზოგ შემთხვევაში შეიძლება არ ემთხვეოდეს ქრონოლოგიურს. ამის მკაფიო მაგალითია ნაადრევი დაბერების სინდრომი.
ფსიქოლოგიური ასაკი - დამოკიდებულია ადამიანის მიერ საკუთარი თავის აღქმაზე. ის ასევე შეიძლება არ ემთხვეოდეს ქრონოლოგიურ ასაკს.
იმ შემთხვევაში თუ ფსიქოლოგიური ასაკი აღემატება ქრონოლოგიურს, ახალგაზრდა ადამიანი ძალიან ბევრ აკრძალვას უყენებს საკუთარ თავს, ცხოვრობს ერთფეროვანი, უინტერესო ცხოვრებით, ირჩევს სპეციფიკურ ჩაცმულობის სტილს.
როდესაც ფსიქოლოგიური ასაკი ნაკლებია ქრონოლოგიურზე, ადამიანი ცდილობს მაქსიმალურად ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, ურთიერთობს ახალგაზრდებთან და დადის ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებში.
და კიდევ ერთი მიზეზი მე-იდენტურობაა.
ადამიანი სუბიექტურად აღიქვამს საკუთარ გარეგნობას, და ეს აღქმა შეიძლება არ შეესაბამებოდეს რეალობას. ამაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს და მათ შორისაა ფსიქოლოგიური ასაკიც. თუ ადამიანის მოლოდინი მკვეთრად განსვავდება სარკეში ასახული რეალობისაგან, ეს შეიძლება სერიოზული სტრესორის როლს თამაშობდეს.
აქვე აღსანიშნავია დისმორფოფობია, რომელიც წმინდა ფსიქოლოგიური პრობლემაა. ამ დროს ადამიანი არაადექვატურად აღიქვამს საკუთარ თავს, ფიქრობს რომ მას აქვს ესა თუ ის ფიზიკური დეფექტი და ყველანაირად ცდილობს ამის გამოსწორებას.
ცნობილი პლასტიკური ქირურგი მაქსუელ მოლცი აკვირდებოდა პაციენტებს ოპერაციის შემდგომ პერიოდში და აღმოაჩინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია ჩატარებული იყო იდეალურად და შედეგიც აშკარა იყო, პაციენტების გარკვეული ნაწილი მაინც უკმაყოფილო რჩებოდა შედეგით. მან დაადგინა, რომ იმ პაციენტებს ჰქონდათ საკუთარი თავის ავადმყოფური, მცდარი აღქმა. ასეთი პაციენტების ოპერირებას აზრი არ ჰქონდა ფსიქოთერაპიის გარეშე.
ფსიქოთერაპევტი ეხმარება ადამიანს, იპოვოს საკუთარი თავი, ახალი როლები, ინტერესები და ადეკვატურად აღიქვას მის სხეულსა და ფსიქიკაში მიმდინარე პროცესები.
როგორც ხედავთ, სტრესული მდგომარეობა მოქმედებს არა მარტო კანზე არამედ ორგანიზმის ყველა სისტემაზე და იწვევს ორგანიზმში სიბერესთან დაკავშირებული დაავადებების ჩამოყალიბებას. ყოველდღიურად ჩვენზე ზემოქმედებს სხვადასხვა ინტენსივობის უამრავი სტრესორი. როგორ შევამჩიროთ მათი ნეგატიური ზემოქმედება? გაითვალისწინეთ ეს მარტივი , მაგრამ მნიშვნელოვანი რჩევები და დაიცავით თავი ქრონიკული სტრესისაგან:
*მეტი პოზიტივი!
*გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე!
*გამოიძინეთ!
*გაატარეთ დრო მეგობრებთან ერთად!
*დაისვენეთ აქტიურად!
*გაიჩინეთ ჰობი!
*იკვებეთ სწორად!