სტრესი - ეს არის ორგანიზმის არასპეციფიკური რეაქცია სხვადასხვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამღიზიანებლის ზემოქმედებაზე, რომელიც არღვევს ჰომეოსტაზს და ასევე ეს არის ორგანიზმის ნერვული სისტემის შესაბამისი მდგომარეობა.
არსებობს ტენდენცია, როდესაც სტრესს (განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ სტრესს) აიგივებენ უბრალოდ ნერვულ დაძაბულობასთან. თუმცა სტრესი არ არის მხოლოდ სულიერი მღელვარება ან ნერვული დაძაბულობა. პირველ რიგში სტრესი არის უნივერსალური ფიზიოლოგიური რეაქცია საკმარისად ძლიერ ზემოქმედებაზე, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ფაზები ფიზიოლოგიური აპარატის აქტივაციიდან მის გამოფიტვამდე.
ქრონიკული სტრესული მდგომარეობა ვითარდება თანდათან, მისი მომწიფება ხდება თვეების, ზოგჯერ კი წლების განმავლობაში.
ამერიკელებმა, ჰოლმსმა და რაემ შეადგინეს სპეციალური სკალა, რომელშიც სტრესის გამომწვევ ყოველ მოვლენას შეესაბამება ქულების გარკვეული რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემების მიხედვით, სტრესული გახლავთ არა მხოლოდ ნეგატიური მოვლენები, არამედ ასევე წარმატება, სიხარული, გამარჯვება და ა.შ.
ამ ავტორების თანახმად, ქრონიკული სტრესული მდგომარეობის აღმოცენებას განსაზღვრავს ქულათა გარკვეული რაოდენობა, რომელიც ადამიანმა 1 წლის განმავლობაში დააგროვა. მაგ., 150 ქულის დაგროვების შემთხვევაში ქრონიკული სტრესული მდგომარეობის აღმოცენების ალბათობა შეადგენს 50%-ს, ხოლო 300 ქულის დაგროვებისას ალბათობა 90%-მდე იზრდება.
ცოლის/ქმრის სიკვდილი - 100
განქორწინება - 73
დაქორწინებულთა დაშორება - 65
პატიმრობა - 63
ახლო ნათესავის სიკვდილი - 63
საკუთარი ავადმყოფობა ან უბედური შემთხვევა - 53
დაქორწინება - 50
სამსახურიდან დათხოვნა - 47
ცოლთან/ქმართან შერიგება - 45
პენსიაზე გასვლა - 45
ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება - 44
ორსულობა - 40
სექსუალური სირთულეები - 39
ცვლილებები სამსახურის მხრივ - 39
მატება ოჯახში - 39
ფინანსური მდგომარეობის ცვლილება - 38
ახლო მეგობრის სიკვდილი - 37
სამსახურებრივი საქმიანობის სფეროს ცვლილება - 36
სახლში ჩხუბების რაოდენობის ცვლილება - 36
10 000 დოლარზე მეტი თანხის სესხება ან გასესხება - 31
გირაოს გამოსყიდვის უფლების დაკარგვა - 30
სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობების ცვლილება - 29
შვილის მიერ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება - 29
ცოლის/ქმრის ნათესავთან კონფლიქტი - 29
პირადი მიღწევები - 28
მეუღლე იწყებს ან წყვეტს მუშაობას - 26
სწავლის დაწყება/დასრულება - 26
საცხოვრებელი პირობების შეცვლა - 25
პირადი ჩვევების გადახედვა - 24
უსიამოვნებები ხელმძღვანელობასთან - 23
სამუშაო პირობების ან დროს შეცვლა - 20
საცხოვრებელი ადგილის შეცვლა - 20
სასწავლო დაწესებულების შეცვლა - 20
თავისუფალი დროს გატარების ჩვევის შეცვლა - 19
ეკლესიასთან დაკავშირებული აქტივობის შეცვლა - 19
ცვლილებები საზოგადოებრივ სამუშაოში - 18
10 000 დოლარზე ნაკლები თანხის შესაბამისი გირაოს მიღება ან გაცემა - 17
ძილთან დაკავშირებული ცვლილებები - 16
ოჯახური შეკრებების სიხშირის ცვლილება - 15
კვების რეჟიმის შეცვლა - 15
შობა/ახალი წელი - 12
კანონის მცირე დარღვევები - 11
დავუშვათ, ადამიანმა 1 წლის განმავლობაში დააგროვა 200 ქულა. ამ სკალის მიხედვით, ქრონიკული სტრესული მდგომარეობის აღმოცენების ალბათობა 63%-ს შეადგენს, თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს აუცილებლად განუვითარდება ქრონიკული სტრესული მდგომარეობა - საქმე იმაშია, რომ ყველგან და ყოველთვის სტრესოგენურ ფაქტორს წარმოადგენს არა რაიმე გარემოება ან მოვლენა, არამედ ჩვენს მიერ ამ მოვლენის შეფასება!
ფსიქოთერაპევტის ფუნქცია საკმაოდ ხშირად ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ დაეხმაროს კლიენტს, შეცვალოს ამ თუ იმ მოვლენის შეფასება და ფსიქოთერაპია შედეგიანია, როდესაც სტრესორის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა ხდება.
შინაგანი და გარეგანი სტრესორების ზემოქმედებით ორგანიზმში იწყება რთული ბიოქიმიური პროცესები, რის შედეგადაც კორტიზოლის დონე მატულობს. კორტიზოლის როლი გახლავთ ადაპტოგენური მოქმედება სტრესორის ზემოქმედებაზე. კორტიზოლის დონის მომატებას ხელს უწყობს სტეროიდების მიღება, ინფექციები, ალკოჰოლი, ნარკოტიკული და გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებები, ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორები, როგორიცაა შიში, ბრაზი, შფოთვა და სხვა ნეგატიური ემოციები.
კორტიზოლი აფერხებს უჯრედების გაყოფის პროცესს და კოლაგენური ბოჭკოების წარმოქმნას, შედეგად კანის ელასტიურობა ქვეითდება და წარმოიქმნება ნაოჭები.
ბუნებრივი დაბერების პროცესი შეუქცევადია, ნაადრევი დაბერება კი დამოკიდებულია სხვადასხვა გარეგანი და შინაგანი ფაქტორის ზემოქმედებაზე და მისი შენელება შესაძლებელია, რადგანაც ამაში დიდ როლს თამაშობს ცხოვრების სტილი.
ნაოჭების აღმოცენებას ხელს უწყობს და აჩქარებს მწუხარება, შფოთვა, დეპრესიული მდგომარეობა და ა.შ.
დააკვირდით ადამიანებს, რომლებიც ცუდ ხასიათზე არიან. დააკვირდით, რა მოსდის ამ დროს სახის კუნთებს, განსაკუთრებით შუბლის არეში. გაიხსენეთ შუბლშეკრული, შუბლშეჭმუხნული ადამიანები და დაფიქრდით იმაზე, რომ თუ ადამიანები სისტემატიურად ცუდ ხასიათზე არიან, ნაოჭები მათი ჩვეული მდგომარეობის ნაწილი და შესაბამისად, უფრო თვალსაჩინო ხდება.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც თითქმის მუდმივად მოღუშულები მოწყენილები და საერთოდ, ცუდ ხასიათზე არიან, მათი უმეტესობა 2 კატეგორიად იყოფა:
ადამიანები, რომლებმაც ვერ შეძლეს „გადაეხარშათ“ წარსული, რომლებსაც შეიძლება ადრე უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ, ვიდრე ახლა; ადამიანები, რომლებმაც ვერ მოახერხეს წარსულში მომხდარი უსიამოვნო მოვლენების „გადამუშავება“ და მათი დავიწყებისთვის მიცემა.
ე.წ. „ფუტურისტები“ ანუ ადამიანები, რომლებიც მუდმივად ღელავენ, შფოთავენ იმაზე თუ მაგალითად, რამდენად გამართლდება მათი მოლოდინი, რამდენად მიაღწევენ იმას, რისი მიღწევაც სურთ და ა.შ. ერთი სიტყვით, ეს არიან ადამიანები, რომლებიც სისტემატიურად შფოთავენ მომავლის გამო იმ დროს, როდესაც შფოთვის რეალური ობიექტი არ არსებობს ბუნებაში.
ამ 2 კატეგორიას აერთიანებს ის, რომ არცერთი კატეგორიის წარმომადგენლები არ იმყოფებიან „აქ და ამჟამად“. ისინი ცხოვრობენ წარსულით ან პირიქით, მომავლით. ისინი ღელავენ იმის გამო, რაც უკვე მოხდა ან შეიძლება არასდროს მოხდეს და არ აკვირდებიან იმას თუ სინამდვილეში, ამჟამად რა ხდება. ისინი ვერ ირგებენ დღევანდელ დღეს. მათ არ შეუძლიათ დატკბნენ, სიამოვნება მიიღონ დღევანდელი დღისგან, ასე რომ წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდ ენერგიას ხარჯავენ ისინი იმაზე, რაც „აქ და ამჟამად“ არააქტუალურია ანუ იმაზე, რაც უკვე წარსულს ჩაბარდა და იმაზე, რაც შესაძლოა, არასდროს მოხდეს.
სწორედ ასეთი ადამიანებისთვის მნიშვნელოვან ჩვენებას წარმოადგენს რელაქსაციური ტექნიკები, რომლებსაც ჩვენი ცენტრი წარმატებით იყენებს.
ცნობილია, რომ სტრესულ გარემოში კუნთების ტონუსი მომატებულია. მოდუნებული კუნთები სტრესთან, მღელვარებასთან, შფოთვასთან შეუთავსებელია. სწორედ ამიტომ რელაქსაციის მეშვეობით კუნთების მოდუნება იწვევს დაძაბულობის განდევნას და იცვლება დამოკიდებულება სტრესოგენური მოვლენის მიმართ. ამ პროცედურის დროს ხდება მთელი სხეულის (მათ შორის სახის) კუნთების მოდუნება, გარდა ამისა, ღრმა რელაქსაციის დროს თავის ტვინში გამოიყოფა ენდორფინები, რომელიც განწყობის გაუმჯობესებაში გვეხმარება.
სწორად ჩატარებული რელაქსაციის შემდეგ ძალების მოზღვავებაც აღინიშნება, ამდენად, რელაქსაცია სტრესთან გამკლავების ძლიერი საშუალებაა, რომელიც დიდ დროს არ მოითხოვს - დღეში 10-20 წთ სრულიად საკმარისია.