შიშის დაძლევა
შიში გარემოდან განპირობებული ბუნებრივი რეაქციაა.
ახალშობილებს ახასიათებთ ორი სახის შიში: სიმაღლიდან ვარდნისა და ხმამაღალი ხმის შიში. სხვა შიშები კი ვითარდება დაბადების შემდეგ, როგორც რეაქცია ამა თუ იმ მოვლენაზე. მიზეზი კი არის ადამიანის დარწმუნებულობა, რომ მას არ შეუძლია კონკრეტულ სიტუაციასთან გამკლავება.
იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს მიზნების მიღწევა, აიმაღლოს ცხოვრების ხარისხი და შედეგად გახდეს წარმატებული, მას უნდა შეეძლოს შიშის დაძლევა. არსებობს უამრავი რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა დაძლიოთ შიში. უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს და შიშის დაძლევა დიდად არის დამოკიდებული ადამიანის პიროვნულ თვისებებსა და იმ გარემოებებზე, სადაც განვითარდა შიში. ჩამოვთვლით რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, რომლებიც დაგეხმარებათ შიშის დაძლევაში:
1)„უბრალოდ გააკეთეთ“ - გახსოვდეთ, რომ შიში არის ჩვეულებრივი რეაქცია, რომელიც ვითარდება თქვენთვის უჩვეული მოქმედების შესრულების დროს. ასევე შიში შეიძლება განვითარდეს თუ ადამიანი საკუთარი ღირებულებების წინააღმდეგ მიდის. ეს ღირებულებები გამომდინარეობს ადამიანის მსოფლმხედველობიდან და მსოფლმხედველობის გაფართოების ნებისმიერ მცდელობას თან ახლავს სუსტი ან ძლიერი შიში.
ჩვენ არ ვიბადებით წარმატებულებად და ხშირად აღზრდის დროს არ გვინერგავენ წარმატებისათვის საჭირო რესურსებს. ასე რომ თუ რეალურად გსურთ წარმატების მიღწევა, თქვენ უნდა ისწავლოთ შიშის დაძლევა. უნდა ისწავლოთ მოქმედება. უთხარით თქვენ თავს: „კი, მე მეშინია, ძალიან მეშინია და მიუხედავად ამისა, მე ყველაფერს გავაკეთებ“. გახსოვდეთ, სანამ ფეხს ითრევთ თქვენი შიში „ჰყვავის“ და ძლიერდება. რაც უფრო მეტს ფიქრობთ შიშზე, მით უფრო მეტ ენერგიას აწვდით მას და ის მთლიანად იკავებს თქვენს თავს. როგორც კი მოქმედებას დაიწყებთ, შიში თანდათან გაქრება. ნუ ებრძვით, უბრალოდ იმოქმედეთ!
2)შეაფასეთ ყველაზე უარესი ვარიანტი -ხშირად ყველაზე უარესი ვარიანტის შეფასების შემდეგ შიში ქრება, რადგან შიშის ყველაზე ძლიერი იარაღი გაურკვევლობაა. დაფიქრდით, რა შეიძლება მოხდეს თუ გააგრძელებთ მოქმედებას. ზოგჯერ შიშის სახის დანახვა საკმარისია იმისათვის, რომ საშიშროება გაქრეს.თუ შიში დარჩა, დაფიქრდით, ხომ არ აბუქებთ სიტუაციას. თუ თქვენი შეფასება რეალურია და შიში დარჩა, იქნებ არც ღირს ამ საქმის გაგრძელება, რადგან შიშს აქვს დამცველობითი ფუნქცია და თუ შიში ადეკვატურია, ის გვიცავს დაუფიქრებელი ნაბიჯებისაგან. გახსოვდეთ, თუ შიში უსაფუძვლოა, ყველაზე ცუდი ვარიანტი არ იქნება საშიში.
მაგ:
მამაკაცს სურს ცოლის შერთვა, მაგრამ ეშინია ხელის თხოვნის, რადგანაც ამას პირველად აკეთებს ან უკვე ჰქონდა ნეგატიური გამოცდილება და მას უარი უთხრეს. თუ ის დაფიქრდება, ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება სატრფოს უარი. არის ეს სახიფათო? არა, თუ სატრფო უარს იტყვის, ე.ი. მას მამაკაცი არასაკმარისად უყვარს და ალბათ ღირს იმ ერთადერთის ძებნის გაგრძელება.
ადამიანს სურს ცურვის სწავლა და მეგობრები სთავაზობენ ღრმა აუზში ჩახტომას, რადგან ოდესღაც ასე ისწავლეს ცურვა. რა თქმა უნდა, მას ეშინია. რა არის ყველაზე უარესი ვარიანტი? დახჩობა, რაც თავისთავად საშიში და არასასურველია. რა თქმა უნდა მას შეუძლია პირველი ვარიანტის გამოყენება და აუზში ჩახტომა, თუმცა ამ შემთხვევაში ნამდვილად ღირს უარის თქმა და ჯერ ძირითადი ილეთების ათვისება პატარა აუზში.
ამ ორი მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ ზოგჯერ შიში სასარგებლოა და ადამიანს იცავს დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან, ზოგჯერ კი ხელს უშლის მის ბედნიერებას.
3)გადაწყვეტილების მიღება - გადაწყვიტეთ, რომ დღეიდან თქვენ აკეთებთ იმას, რისიც დღემდე გეშინოდათ! სწორედ გადაწყვეტილება, რომელსაც თან ახლავს მიზანმიმართულობა, ავსებს იმ სიცარიელეს, რომელსაც ქმნის შიში. შიში და ეჭვები არ აძლევენ ადამიანს ბედნიერების საშუალებას, აკარგვინებენ მოქმედების სურვილს, ბოჭავენ და მართავენ მას. ადამიანი უსუსურად გრძნობს თავს, განიცდის დისკომფორტს, იხსენებს ყველა იმ სიტუაციას, სადაც წარსულში „წააგო“ შიშთან ბრძოლა. შიშის დროს აზრები კონცენტრირებულია ნეგატიურ მოვლენებზე, მიზნის დასახვის შემდეგ კი კონცენტრირებულია პოზიტივზე. დასახეთ მიზანი და არ მისცეთ შიშს დაბრუნების საშუალება. გახსოვდეთ, ერთი დაშვებული ნეგატიური აზრი იზიდავს უამრავ სხვას.
უბრალოდ სცადეთ ეს მეთოდი, უთხარით საკუთარ თავს: „მიუხედავად იმისა, რომ მე მეშინია, მე ვიღებ გადაწყვეტილებას, გავაკეთო ესა და ეს“. მაგალითად, ვიმგზავრო ლიფტით, მოვეფერო ძაღლს, გავიდე აივანზე...
შიშის დაძლევის ხელშემწყობი ფაქტორები:
მაღალი თვითშეფასება - რაც უფრო კარგი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე, მით უფრო ნაკლები შიშია თქვენში.
რწმენა (უფლის, მფარველი ანგელოზის, უზენაესი არსების...) თუ ადამიანს სწამს, მან იცის, რომ მას იცავენ და მფარველობენ. შიშის სიბნელე იფანტება უმაღლესი ძალების სინათლეში.
სიყვარული - მამაკაცი, შიშის მიუხედავად ყველაფერს იღონებს საყვარელი ქალბატონის გულის მოსაგებად, დედა ყველაფრის მიუხედავად დაიცავს შვილებს. სიყვარული ხელს უწყობს შიშის დაძლევას.
გახსოვდეთ, ნებისმიერი პოზიტიური ემოცია ხელს უწყობს შიშის დაძლევს, ნეგატიური კი აფერხებს .