სახლში არეულობაა, სამზარეულოში გაურეცხავი ჭურჭელი მთასავითაა წამოჭიმული, სამუშაო მაგიდაზე სრული ქაოსი სუფევს, პროექტი ჯერ არაა დასრულებული, არადა თქვენ ის ხვალ უნდა ჩააბაროთ... ფიქრობთ, რომ ცოტაც და საქმეს შეუდგებით, მაგრამ რატომღაც ჯერ ვერ გადაგიწყვეტიათ, საიდან დაიწყოთ. ათვალიერებთ საყვარელ საიტებს, თქვენი მეგობრების პოსტებს, რაღაც საინტერესოს ეძებთ წასაკითხად. რაღაც უაზრო დღეა თითქოს. იქნებ რამე ფილმი გენახათ? რატომღაც ფილმსაც ვერ არჩევთ. და საერთოდ, თითქოს არსად არანაირი სიახლე არ შეინიშნება.
გაინტერესებთ რა გემართებათ? ეს სიზარმაცეა, სიზარმაცე, რომელიც თანდათან გიპყრობთ. თავდაპირველად თითქოს დასვენების საათებს იხანგრძლივებთ, შემდეგ კი გაფიქრებასაც ვერ ასწრებთ, ისე აღმოჩნდებით სიზარმაცის ტყვეობაში. ზუსტად ამიტომ ხართ ზოგჯერ მოწყენილი მაშინ, როცა ამის რეალური საბაბი არ არსებობს. ზოგ შემთხვევაში ადამიანები იმასაც კი ახერხებენ, რომ ფიქრიც ეზარებათ.
როგორ ამოვიცნოთ სიზარმაცე?
თუ ატყობთ, რომ თქვენი დასვენება დაგეგმილზე 3-4 დღით უფრო დიდხანს გრძელდება და ვერც კი ხვდებით როგორ ჩაიარა ამ 3-4 დღემ, ე.ი. თქვენ სიზარმაცე გიპყრობთ. ხშირად სიზარმაცის „მწვავე შეტევას“ თან ახლავს მოჩვენებითი ცუდად ყოფნის მდგომარეობა. ასევე სიზარმაცის ნიშანია მიზეზით თუ უმიზეზოდ ხშირი გაღიზიანებადობა და უკმაყოფილება ან ის სიტუაცია, როდესაც მუდმივად რაღაც გინდათ, ოღონდ ვერ ხვდებით, რა არის ის, რაც თითქოს-და გსურთ და როდესაც მოწყენილობა და აპათია თქვენი ერთგული მეგზურები ხდებიან.
როგორ გავუმკლავდეთ სიზარმაცეს?
იმისთვის, რომ რაღაცის კეთება დაიწყოთ, აუცილებელია თავისუფალი სამუშაო სივრცის ქონა და ის ნამდვილად სამუშაო სივრცე უნდა იყოს. თავდაპირველად უბრალოდ აიღეთ მაგიდიდან ყველა არასაჭირო და უადგილო ნივთი, შეურჩიეთ და თავისი ადგილი მიუჩინეთ ყველაფერს. ყურადღება მიაქციეთ, როგორ აკეთებთ ამას - „თავის ადგილზე“ მოთავსება ნიშნავს კონკრეტული ნივთის მისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე მოთავსებას და არა პირველივე ყუთსა თუ უჯრაში ჩადებას ან ჩატენვას.
როდესაც მაგიდას მოაწესრიგებთ, ყურადღება მიაქციეთ ოთახის საერთო სურათს. შეიძლება რაღაც ნივთები შეუსაბამო ადგილზეა განლაგებული და უმჯობესია ისინიც მათთვის განკუთვნილ ადგილზე მოათავსოთ. მნიშვნელოვანია, რომ ირგვლივ წესრიგი იყოს, რადგან უწესრიგობა ხშირად ყურადღებას იპყრობს და ამან შეიძლება საქმეს მოგწყვიტოთ.
ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს - მოწესრიგდით, მიიღეთ შხაპი, ჩაიცვით ამ საქმისთვის შესაბამისი და კომფორტული სამოსი. დაფიქრდით, იქნებ ჯერ გესაუზმათ? ამას იმიტომ გთავაზობთ, რომ ბოლო დროს ხშირია ასეთი სურათი - ადამიანი გაღვიძებისთანავე რთავს კომპიუტერს და მონიტორის წინ დაჯდომის პარალელურად თანდათან ახელს თვალებს. ის ზედმეტად დაკავებულია კომპიუტერით და როგორღაც ავიწყდება, რომ არსებობს სააბაზანო ოთახი, შხაპი, საუზმე და ა.შ., ოღონდ როდესაც ახსენდება, რომ რაღაც უნდა მიირთვას, გაოცებული ამჩნევს, რომ საუზმის მაგივრად უკვე შეუძლია ისადილოს ან ივახშმოს. ნეტავ როგორ გაირბინა დრომ?
ადამიანებს ავიწყდებათ, როგორი ძვირფასი და მნიშვნელოვანია დრო. თუ თქვენ უკვე მოაწესრიგეთ მაგიდა და ოთახი და მოწესრიგდით, ის დროა, შეხედოთ საათს. შეიძლება გეგონათ, რომ ოთახის მოწესრიგება უფრო მეტ დროს წაიღებდა, თქვენ კი ეს ყველაფერი გაცილებით სწრაფად გააკეთეთ.
ახლა კი თქვენი მიზანი დროის სწორად დაგეგმვა და განაწილებაა. თავდაპირველად განსაზღვრეთ მიზნები და ამოცანები, რომელიც დღეს გაქვთ დაგეგმილი. სასურველია გააკეთოთ ჩამონათვალი როგორც პირველ ასევე მეორეხარისხოვანი საქმეებისა და დაიწყოთ უმთავრესით. თუ დროს სწორად გათვლით, ყველა საქმეს განსაზღვრულ დროში მოასწრებთ, სიზარმაცისთვის კი დრო უბრალოდ აღარ დაგრჩებათ.
აუცილებად შეაქეთ საკუთარი თავი შესრულებული სამუშაოსთვის მაშინაც კი თუ მისი ბოლომდე მიყვანა ვერ მოასწარით - შეაქეთ საკუთარი თავი უკვე გაკეთებული საქმისთვის, თქვენ ხომ მაინც იმუშავეთ!
ამ ეტაპის გავლის შემდეგ შეიძლება ჩათვალოთ, რომ სიზარმაცის მორევს თავი დააღწიეთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ საკმაოდ ადვილია ისევ ამ მორევში აღმოჩენა. იმისთვის, რომ სიზარმაცისგან გათავისუფლდეთ, საკმარისია რამდენიმე წესის გათვალისწინება:
სიზარმაცე იწყება მაშინ, როცა დასვენების შემდეგ ისევ ცოტა ან დიდი ხნით დასვენების სურვილი გაქვთ. ასეთი სიტუაცია შეგიძლიათ განმუხტოთ მცირე ნებისყოფის მეშვეობით და „მოთელვის“ სახით რაიმე მარტივი საქმე შეასრულოთ. ამ დროს სჯობს რაიმე მნიშვნელოვანი და რთული საქმის კეთება არ დაიწყოთ, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ ის მალე მოგბეზრდებათ და ამან კი შეიძლება ისევ დასვენების სურვილი გამოიწვიოს. უმჯობესია თავიდან პატარა საქმით დაიწყოთ და მხოლოდ ამ „მოთელვის“ შემდეგ განახორციელოთ რაიმე უფრო რთული და საპასუხისმგებლო საქმე.
ხშირად სიზარმაცის მიზეზი ძილის გრაფიკის არევაა, განსაკუთრებით კი სამუშაო კვირის ბოლოს. ადამიანს ახსოვს, რომ ხვალ ადრე არ უნდა გაიღვიძოს, ამდენად ის შეიძლება დილის 4 სთ-მდე კომპიუტერის ან ტელევიზორის წინ იჯდეს, შედეგად კი შაბათს ან კვირას გვიან და რატომღაც არცთუ ისე კარგ ხასიათზე იღვიძებს და ხშირად ვერც კი ხვდება, როგორ გადის მთელი დღე. ამ შემთხვევაში კარგ ეფექტს იძლევა კონტრასტული შხაპი გაღვიძებისთანავე და რაიმე სასიამოვნო ქმედება, მაგ., მაღაზიის სტუმრობა რაიმე გემრიელის შეძენის მიზნით.
სიზარმაცის თქვენს ცხოვრებაში შემოსვლის საყვარელი „ჭიშკარი“ კი უწესრიგობაა - გეგმებში, დროში, სახლში, როდესაც არ იცით, საიდან დაიწყოთ მოწესრიგება. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტად არის რაღაც „არეული“, მის დაწყობასა და დალაგებას უფრო მეტი დრო და ენერგია სჭირდება და მით უფრო მეტი ფიქრი იმაზე, თუ საიდან იქნება უკეთესი სტარტის აღება. ამაზე ბევრი ფიქრის შედეგად კი ხშირად იღებთ „დღეს არა, ხვალ გავაკეთებ“-ს და პრაქტიკულად ისევ არაფერი კეთდება. საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაშიც ყოველი მომდევნო დღის დაგეგმვა და გარკვეული წესრიგის შენარჩუნების სურვილია.
წარმატებულ დღეს გისურვებთ და დროის თქვენთვის სწორად დაგეგმვას, რათა უფრო მეტი საინტერესო და სასიამოვნო რაღაცის კეთება მოასწროთ ყოველდღიურად!