არტ-თერაპიის ერთ-ერთი მიმდინარეობაა ხატვით-თერაპია, რომელიც გამოიყენება როგორც ბავშვებთან მუშაობისას, ასევე ზრდასრულებთან, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფური მუშაობის შემთხვევაში.
თანამედროვე ფსიქოთერაპევტისთვის ხატვით-თერაპიის ცნება ცდება ჩვეულ ფარგლებს და წარმოადგენს ერთ-ერთ ინსტრუმენტს იმ არსენალში, რომელსაც წარმატებით იყენებს კლიენტთან ეკლექტიკური მიდგომის მიმდევარი.
ფსიქოთერაპევტებისათვის ცნობილია უამრავი ტექნიკა, რომელიც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა პრობლემასთან სამუშაოდ. დიაგნოსტიკის შემთხვევაში ფსიქოლოგები ყურადღებას აქცევენ სხვადასხვა დეტალს, ნახატის ზომას, განლაგებას, ფერს და ასე შემდეგ. სწორად დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხებით შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიღება და სტრატეგიის აღმოჩენა.
რატომ ხატვა?
პირველ რიგში ხატვაზე და სხვა შემოქმედებით საქმიანობაზე პასუხისმგებელია მარჯვენა (ცაციების შემთხვევაში - მარცხენა) ჰემისფერო, რომელსაც ქვეცნობიერთან აკავშირებენ, ამის გარდა ხატვის დროს ადამიანი იმყოფება ტრანსულ მდგომარეობაში, რომელიც ხელსაყრელია იმისათვის, რომ ადამიანმა დადებითი ცვლილებები შეიტანოს ქვეცნობიერში. ხატვა ტრანსული მდგომარეობაა და ნახატი - ფანჯარა ადამიანის ქვეცნობიერში. კარგ შედეგს იძლევა სხვადასხვა მიმართულების შეთავსება ხატვით-თერაპიასთან. შესაბამისად, ხატვით თერაპია არის არა მარტო სადიაგნოსტიკო, არამედ თერაპიული მეთოდი, რომელსაც შეუძლია ადამიანში სასიკეთო ცვლილებების გამოწვევა.
რატომ არის ფსიქოთერაპევტისთვის მნიშვნელოვანი ხატვით-თერაპიის ტექნიკების ცოდნა?
ზოგჯერ კლიენტს უჭირს საკუთარ პრობლემებზე საუბარი ან საერთოდ მეტყველება უჭირს. ასეთ შემთხვევაში ხატვით-თერაპია საუკეთესო საშუალებაა იმისათვის რომ, ფსიქოთერაპიის პროცესი გახდეს ეფექტური და სასიამოვნო.
რამდენად საკმარისია მხოლოდ ნახატის ელემენტების მნიშვნელობის ცოდნა?
ბუნებრივია, ეს ცოდნა სასარგებლოა, მაგრამ მხოლოდ სტანდარტული ინტერპრეტირება არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება, რაც მთლიანად დამოკიდებულია ფსიქოთერაპევტის უნარებზე, როგორიცაა: ემპათია, რაპორტი, დაკვირვების უნარი, სისტემური აზროვნება, ღია კითხვების დასმა, საკუთარი პროექციების იგნორირება, თითოეული შემთხვევისადმი ინდივიდუალური და უნიკალური მიდგომის შერჩევა...